თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში. თავის მხრივ, სააგენტო Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაცია ჩატარდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანდარისში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.
30 აპრილს საღამოს, თურქეთის რამდენიმე ტელეარხის ერთობლივ, პირდაპირ ეთერში ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთის დაზვერვა ალ-ყურაშის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, მისი ნეიტრალიზაციის ოპერაცია კი, 29 აპრილს ჩატარდა.
აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად ექსტრემისტული დაჯგუფების წინა ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის სიკვდილის შემდეგ გამოცხადდა. 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ადგილსამყოფელს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა მიაკვლიეს და მან თავი აიფეთქა.